აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კონგრესის ლიდერებმა კვირას გამართული საუბრის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
შუმერმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში ორივე ქვეყნის დასახმარებლად რაიმე გაკეთდება.
მისივე თქმით, ისრაელსა და უკრაინაში დახმარების გასაგზავნად საუკეთესო გზა არის ის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღოს და დაამტკიცოს სენატის მიერ დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დოკუმენტი, რომელიც ორივე ქვეყნისთვის დახმარებას მოიცავს.
როგორც შუმერი აღნიშნავს, სენატმა 95 მილიარდი დოლარის პაკეტი თებერვალში დაამტკიცა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს ის კენჭისყრაზე არ წარუდგენია.
„საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ისრაელს რაკეტსაწინააღმდეგო და უპილოტო თავდაცვის შესაძლებლობების აღდგენაში დავეხმაროთ, არის ამ დამატებითი დოკუმენტის მიღება. ისრაელმა თავის დასაცავად დაახლოებით მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი დახმარება მის დანახარჯებს შეავსებს“, – განაცხადა შუმერმა.