მამაჩემს თავისი ენერგია და გამძლეობა უნდა გამოეყენებინა სტალინის საქმის გაგრძელებაში. საქართველო ვერ მოუგებს დასავლეთსა და ამერიკას, მაგრამ ისეთი ერთობა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, მათ ნამდვილად მოუღებდა ბოლოს!

“ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, მერე ეს მიწა და საქართველო!” – “საქართველოს სინდისისა” და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის მერაბ კოსტავას ქალიშვილი – თამთა­ კოსტავა თავისი საქმიანობის, მამისა და მისი მეგობრების, მათთან დაპირისპირებული ფიგურების შესახებ გვესაუბრება და ამ საკითხებზე სრულიად განსხვავებული, მისეული ხედვები აქვს” – წერს “კვირის პალიტრა” ინტერვიუს შესავალში. ჩვენ კი ვიტყვით: თამთა კოსტავას აბსოლუტურად სწორი,  პატრიოტული პოზიციები აქვს სტალინთან დაკავშირებით, რაც მას ჰკითხეს! დანარჩენი მკითხველმა იხილოს – შემოკლებით, ვინაიდან სტატია “კვირის პალიტრას” ეკუთვნის და ჩვენ არ გვაქვს უფლება, სტატიის სრული ვერსია შემოგთავაზოთ. 

თამთა კოსტავა პროფესიით მხატვარია, მოზარდობისას 18 წელი აშშ-ში გაატარა, განათლება მიიღო და სამშობლოში დაბრუნებულმა თავისი არაორდინარული ნამუშევრების სამი პერსონალური გამოფენა გამართა. ამჟამად თამთა მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს და მამის დანატოვარ “წერილობით განძს” პატრონობს.

– ბავშვობიდან ვხატავდი და 11-13 წლის ასაკში ჯიბსონ ხუნდაძესთან ვემზადებოდი, აკადემიაში ჩაბარება მინდოდა. პერსონალური გამოფენებიც მქონდა, მათ შორის სისაურების გალერეაში. 53-ე საშუალო სკოლაში სწავლის დროს ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში მიმიღეს, მაგრამ იმ წელს აშშ-ში გავემგზავრეთ და სწავლა იქ განვაგრძე. ჩვენი წასვლის მიზეზი ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლა იყო. მოგეხსენებათ, მან მამაჩემი ციმბირში გადაასახლა და გვეშინოდა, არასასიამოვნო სიტუაცია არ შექმნილიყო, ამიტომაც გავერიდეთ. აშშ-ში გამგზავრებაში მე და დედას ჯაბა იოსელიანი დაგვეხმარა, რომელთანაც ჩვენს ოჯახს ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მან გია მეფისაშვილთან გაგვიშვა, რომელსაც, თავის დროზე, აქ “მაშველთა კორპუსი” ჰქონდა – “მხედრიონი” და “მაშველთა კორპუსი” ერთი ორგანიზაცია იყო. მე მხედრიონელი გახლდით – ჯერ კიდევ ბავშვი საპატიო წევრად მიმიღეს. ჯაბა იოსელიანისთვისაც თავსატეხი ვიყავი, რადგან იმ ჩარჩოებში ვერ ვჯდებოდი – ედუარდსა და ზვიადს შორის დაპირისპირება იყო და მე, როგორც მერაბ კოსტავას შვილს, არ მინდოდა ვინმეს მხარეს ვყოფილიყავი – ზვიადი ჩემთვის ბიძა იყო, ფაქტობრივად, ჯაბა იოსელიანი კი ჩვენი ახლობელი და მინდოდა ყველასთან კარგად ვყოფილიყავი. ჩემგან ითხოვდნენ, რომელიმე მხარე დამეჭირა, მე კი ეს არ მინდოდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ აშშ-ში წავსულიყავით და ასეთი არჩევანის გაკეთება არც დამჭირვებია.აშშ-ში ჯერ ჰაი-სქულში ვსწავლობდი, მერე – პრატ-ინსტიტუტში, ოთხწლიანი სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე – გრაფიკოსი და დაზგური ხელოვნების ოსტატი ვარ. გარდა ამისა, ტუროკოლეჯში 3 წელი ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, რადგან მინდოდა ხელოვნების თერაპია შემესწავლა – ადამიანების მკურნალობა ხელოვნებით. აშშ-ში ცხოვრება ძალიან მომწონდა და აქ დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი.

– ჯაბა იოსელიანს როგორ დაუახლოვდით?

– ჯაბა იოსელიანთან გია მეფისაშვილმა წამიყვანა, როცა 9-10 წლის ვიყავი, მას კუჭის წყლული აწუხებდა, გია კი ექსტრასენსი იყო და მკურნალობდა. მაშინ ჯაბა ჯერ ასე ცნობილი არ იყო. მერე, როცა ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა და “მხედრიონი” ჩამოაყალიბა, გიას და ჯაბას ვთხოვე, სამხედრო ჟურნალისტი მინდა ვიყო, ბრძოლის ველიდან სიუჟეტები გავაკეთო და თქვენთან მიმიღეთ-მეთქი. ჯაბამ მითხრა, ბრძოლის ველზე ვერ გაგიყვან, საპატიო წევრად კი მიგიღებო. საპატიო წევრი გადაწყვეტილებებს არ იღებს, უბრალოდ, სიმბოლო ვიყავი, როგორც მერაბ კოსტავას შვილი.

– ბევრს უკვირს, როცა თქვენგან ჯაბა იოსელიანის ქებას ისმენენ. ბატონ მერაბს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ?

– არ ვიცი, რადგან მამაჩემისთვის ეს არასდროს მიკითხავს, დედის მხრიდან კი შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ვიცი, რომ ჯაბა მამაჩემის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, ნამდვილად ძალიან უყვარდა და სწორედ აქედან გამომდინარე გვიპატრონა, საქართველოშიც ძალიან ზრუნავდა ჩვენზე და აშშ-შიც.

– ედუარდ შევარდნაძეზე რას იტყვით?

– მე შევარდნაძეს, როგორც მტერს, ისე განვიხილავდი, აშშ-ში მის წინააღმდეგ საჩივარიც შევიტანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე და მოვახერხე, რომ ეს კაცი შემეყვარებინა. რამდენი მიფიქრია მასზე, მის ოჯახზე, რანაირად არ მივუდექი ჩემს აზროვნებაში, გონებაში, ვცდილობდი იმ კონდიციამდე მივსულიყავი, რომ არ მძულებოდა. ეს არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი, ზვიადი და ედუარდი სხვადასხვა ბანაკში იყვნენ. წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ მაშინ ჩემი სურვილი იყო მათ ურთიერთობა რამენაირად მოეგვარებინათ და ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომამდე არ მისულიყო. სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდა… ჩემი შესაფასებელი არ არის ედუარდ შევარდნაძე. ის ერთი ფეხშიშველა გურული ბიჭი იყო, რომელიც მერე კრემლში მოხვდა და ძალიან მაგარია, რომ მოახერხა ეს – რამდენად მაგრები ვართ ქართველები. ამიტომ ედუარდი ცუდი კი არ არის, მაგარია იმის გამო, რომ კრემლში მოხვდა.

2010 წელს საქართველოში რომ დავბრუნდი, ედუარდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ერთხელ მყავს ნანახი, იმელის შენობაში, ჯაბა იოსელიანმა მის კაბინეტში შემიყვანა, სადაც მამაჩემის სურათი ეკიდა კედელზე, მან გამაცნო და ხელი ჩამოვართვი. თუმცა იქ არაფერზე გვისაუბრია, ჯაბა და ედუარდი საუბრობდნენ.

როგორ აფასებთ ბატონი მერაბის პოლიტიკურ ნაბიჯებს?

– მამაჩემი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებთან კი არ უნდა გაერთიანებულიყო, არამედ სტალინის გზა უნდა გაეგრძელებინა. ჩემთვის სტალინი ქრისტეს მახვილი იყო, საბჭოთა კავშირი იმიტომ შექმნა, რომ დასავლეთისა და აშშ-სთვის წინააღმდეგობა გაეწია, ორივე მათგანი ჩვენს ქვეყანაშია შემოჭრილი და სიტუაციას ურევს. მამაჩემს თავისი ენერგია და გამძლეობა უნდა გამოეყენებინა სტალინის საქმის გაგრძელებაში. საქართველო ვერ მოუგებს დასავლეთსა და ამერიკას, მაგრამ ისეთი ერთობა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, მათ ნამდვილად მოუღებდა ბოლოს. უბრალოდ, სტალინის შემდეგ ვერ მოვიდა მისნაირი ადამიანი. ახლა ფუჭი საუბარია, როცა ვამბობ, რომ ვისურვებდი მამაჩემს სტალინის გზა გაეგრძელებინა და სხვა მიმართულებით დაეჭირა საქმე.

კი, მაგრამ მერაბ კოსტავა როგორ იქნებოდა კომუნისტი?

– სიმბოლო რომ არის – ინი და იანი, თეთრზე შავი წერტილი და შავზე – თეთრი, სტალინი კომუნისტების იმ შავ სამყაროში თეთრი წერტილი იყო, ის არ გასვრილა; ქართველი სამღვდელოების დამსახურებაა, რომ სტალინი კრემლში გაუშვეს. მამაჩემიც რომ წასულიყო, მთლიანობაში ქვეყანა უფრო მეტს მოიგებდა, არა მარტო პატარა საქართველო, მასშტაბურად, უფრო მეტი ხალხი. ჩვენ თუ შევძელით კავკასიური ერთობის შექმნა, საქართველო მოახერხებს, რომ მისი ღირსეული წევრი იყოს, მაგრამ კავკასია მასშტაბურად მაინც პატარაა საბჭოთა კავშირზე. ეს ამხელა ტერიტორია და ამ ხალხების ბედი სწორედ სტალინს ებარა, ის ქრისტიანი იყო და არა კომუნისტი. მე რუსეთი მომწონს და მინდა რაღაც ისეთი მოხდეს, მეორე სტალინი გამოჩნდეს რუსეთში. მე არ მივილტვი ამერიკისკენ. ამერიკა კარგია ამერიკელებისთვის, კოლონისტები არიან და ძალიან ცუდ დღეში აგდებდნენ კოლონიებს.

მერაბ კოსტავა ხომ რუსეთმა, რუსულმა აგენტურამ, სპეცსამსახურებმა შეიწირა და თქვენ რუსეთი მოგწონთ?

– მამაჩემი რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიწირა, მაგრამ ამერიკა უარესია. პატარა დემონი გერჩიოს დიდ ეშმაკს. არანაირი სურვილი არა მაქვს ევროპასა და ნატოში შესვლის, ისევ რუსეთთან ყოფნა მირჩევნია. ისე კი, ჩვენი მიზანია ჩვენი იდენტობა შევინარჩუნოთ.

მე მამაჩემის იდეოლოგიას არ ვიზიარებ. მე სტალინისტი უფრო ვარ იდეით, ვიდრე ზვიადისა და მერაბის მიმდევარი.

 

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად გაზეთში “კვირის პალიტრა” N16 ან ონლაინ – თამთა კოსტავა: „მე სტალინისტი უფრო ვარ იდეით, ვიდრე ზვიადისა და მერაბის მიმდევარი“