დასავლეთს ბელარუსის არჩევნების შესახებ პოზიცია წინასწარ ჰქონდა მომზადებული- ვლადიმირ პუტინი

ეუთო/ოდირის უარი, დაკვირვებოდა ბელარუსის არჩევნებს, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დასავლეთს ბელარუსის არჩევნების შედეგების შესახებ პოზიცია წინასწარ ჰქონდა მომზადებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия 1-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთო/ოდირი არჩევნებზე დასაკვირვებლად მიიწვია. რატომ არ ჩავიდნენ? ეს გვაფიქრებინებს, რომ არჩევნების შედეგების შესახებ პოზიცია წინასწარ იყო მომზადებული“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ბელარუსის არჩევნების შედეგების მიმართ ეჭვი აქვს, თუმცა, სამყაროში არაფერია სრულყოფილი.

„სამყაროში სრულყოფილი არაფერია, არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში და არც სოციალურ სფეროში,“- აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსის არჩევნების შედეგებს აღიარებს.

„არჩევნები შედგა. ჩვენ მის ლეგიტიმურობას ვაღიარებთ და როგორც იცით, ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

“აიპიენი”