ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტლენდში არეულობების ფონზე, ქალაქის მერს თედ უილერს მოუწოდა, ქალაქში ეროვნული არმია შეიყვანოს.
„უილერი არაკომპეტენტურია. ჩვენი მშვენიერი ეროვნული არმია ამ პრობლემებს ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაწყვეტდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაგზავნოს მოთხოვნა, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, – განაცხადა ტრამპმა, რომლის თქმით, ადგილობრივ და სხვა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ, სურს კანონი და წესრიგი.
ბოლო ინფორმაციით, პორტლენდში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება და მოსახლეობა პოლიციის მკაცრ ქმედებებს აპროტესტებს, სროლებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება შაბათს საღამოს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ძალადობას ადგილი ჰქონდა პორტლენდის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
შეგახსენებთ, პორტლენდში რამდენიმე თვეა აქციები პერმანენტულად იმართება. საპროტესტო ტალღა ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
“Ipn”