,,ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტთან დაგეგმილ შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან

ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტთან დაანონსებულ შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისში დაგეგმილ შეკრებას ზუგდიდიდან ხუთიათასამდე ადამიანი შეუერთდება.

„ამ ადამიანთა დიდი ნაწილი თვითორგანიზებით შეიკრიბა. მათ მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მისივე თქმით, შეკრებაზე დასწრების სურვილი უფრო მეტ ადამიანს ჰქონდა, თუმცა ლოგისტიკური პრობლემების გამო, ყველას წასვლა ვერ მოხერხდა.

თბილისში დაგეგმილ შეკრებას მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან.

პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ფოთიდანაც უერთდებიან. მიკროავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით აქციის მონაწილეები 11:00 საათზე დაიძრნენ. მათი თქმით, აქციაში მონაწილეობის მიზანია ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ხელისუფლების მხარდაჭერა.

„არის სპეკულირება, თითქოს ვიღაცები ძალით მიჰყავთ დღევანდელ აქციაზე, მაგრამ ამის დამტკიცება მარტივია ოქტომბერში. რაც შეეხება მიზანს, ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მიზნების, ქართული მიზნების მისაღწევად. ამისთვის საჭიროა, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღოთ და ვერცერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვერ განსაზღვრავს, მაგალითად, უკეთესად როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, როგორ დავიცვათ ოჯახის ღირებულებები, ჩვენი რწმენა, ტრდიციები. ჩვენ ვამბობთ – ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

პარლამენტთან შეკრებას უერთდებიან გორიდანაც. მოქალაქეები გორის სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით გაემგზავრებიან დედაქალაქისკენ. მოქალაქეები თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ კასპიდან და ხაშურიდან. მათი განცხადებით, მხარს უჭერენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და ამბობენ, რომ არცერთ შემთხვევაში ეს კანონპროექტი არ იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი.
„მივდივარ თბილისში, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ხელისუფლებას და მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. აქ არაფერია ისეთი საფრთხის შემცველი, რასაც ოპოზიცია ამბობს. ბევრი კითხვა მაქვს, რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება ქვეყანაში არასამთავრობოების მიერ პროექტებისთვის თანხა. ვფიქრობ, ჩვენი ხმაც მნიშვნელოვანია და მინდა, ვიდგე ამ აქციაზე“, – განაცხადა მოქალაქე ხათუნა კოშორიძემ.