უკრაინელი პოლიტოლოგი ანდრეი ერმოლაევი სააკაშვილს მოხეტიალე ბოშად იხსენიებს

უკრაინელი პოლიტოლოგი ანდრეი ერმოლაევი მიხეილ სააკაშვილს მოხეტიალე ბოშად იხსენიებს და უკრაინის, როგორც ქვეყნის შეურაცხყოფად აფასებს იმას, რის უფლებასაც საქართველოს ექსპრეზიდენტი საკუთარ თავს აძლევს.

 

„როგორ შეიძლება უკრაინის მოქალაქე, უკრაინის ტერიტორიაზე აწყობდეს საარჩევნო კამპანიას სხვა ქვეყნისთვის? ყველა უყურებს ამ კლიპს და სერიოზულად მსჯელობენ სააკაშვილის ბედზე. პოლიტიკოსი როცა ასე ცინიკურად იქცევა, შეურაცხყოფას საკუთარი მოქალაქეობის სივრცეს. ამბობს, რომ მე ვარ უკრაინის მოქალაქე, ხვალ კი წავალ და სხვა ქვეყნის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. ჩვენ ამერიკული სკანდალი არ გვყოფნის და ახლა ქართული სკანდალიც გვინდა? არ გამოვრიცხავ, რომ წინ კიდევ რუსული სკანდალი გველოდეს“- აცხადებს ერმოლაევი.

მისივე თქმით, უკრაინა პოლიტიკური მომთამბარეობის ეპოქაში შევიდა.

„ეს მომთაბარეობა უნდა შეიზღუდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გადავიქცევით მომთაბარე ბოშათა ბანაკად, რომელსაც არც წესები აქვს და არც პრინციპები. საქართველოშიც სააკაშვილს უყურებენ, როგორც მოხეტიალეს“- აღნიშნა პოლიტოლოგმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დაანონსა.

“იმედი”