აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში საქართველოს დღევანდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
- შოლეს თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული.
“დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით – მთავრობის მტრული რიტორიკა ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, კვლავ გახადოს საქართველო ევროატლანტიკური მომავლის ერთგული, რაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე.
შენიშვნა: აშშ მთელი ხელისუფლება უკვე კონსოლიდირებულია საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოხატავს აშშ უშიშროების საბჭოც, ჯონ კირბის სახით:
ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კრიტიკულ კონტროლს ემსახურება“, – აღნიშნავს კირბი.