აშშ-სთან ისეთ ფორმატში, სადაც საქართველო ნამდვილად ღირსეულად არის წარმოდგენილი და არა რაღაც კონკრეტული დათქმებით, ან წინაპირობებით, დიდი სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ მაშინ განაცხადა, როდესაც აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის წევრები აშშ-ში მიიწვია, მათ კი უარი განაცხადეს.
მისი თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტულია.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ასევე ვადასტურებ მზაობას, რომ განახლებულ ფორმატში, ისეთ ფორმატში, სადაც საქართველო ნამდვილად ღირსეულად არის წარმოდგენილი და არა რაღაც კონკრეტული დათქმებით, ან წინაპირობებით, დიდი სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას. მესმის, რომ მიმოწერა იქნება, თუ რაიმე ურთიერთობა, ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, ეს არც ჩვენ გვსიამოვნებს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს აქვს ვალდებულება, რომ ქვეყნის ინტერესი დაიცვას და არ გადადგას ქვეყნისთვის წამგებიანი ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზად არის მიიღოს მონაწილეობა მაღალი დონის შეხვედრებში. პირიქით, მან სთხოვა აშშ-ის ელჩს თავის დროზე, როდესაც შეხვდა, რომ იქნებ დიდი ხნის ჩავარდნის შემდეგ, შედგეს ასეთი მაღალი დონის შეხვედრებიო. ასევე საუბარი იყო გამარტივებულ, ან უვიზო მიმოსვლაზეც. თავისთავად პირდაპირ ფრენებზეც, რაც ჩვენს ურთიერთობას სხვა ეტაპზე გადაიყვანდა“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, 2 მაისს აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვია, თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა.