პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი – ინფექცია არც ერთ დაწესებულებაში არ გავრცელებულა

არანაირი ინფექცია არ არის არც ერთ დაწესებულებაში გავრცელებული და არც პატიმრებსა და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საინიციატივო ჯგუფის „შემახე ამნისტია“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინიციატივო ჯგუფის „შემახე ამნისტია“ მიერ “ფეისბუქგვერდის” მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში გავრცელდა ვირუსული ინფექცია (იქვე დაკონკრეტებულია, რომ ეს არ არის კოვიდ-19). პენიტენციური სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი ინფექცია არ არის არცერთ დაწესებულებაში გავრცელებული და არც პატიმრებსა და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი. აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ, დღეის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში, არც პატიმრებსა და არც თანამშრომლებში, კოვიდ-19-ის არც საეჭვო და, მით უმეტეს, დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, პატიმართა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

 

“იმედინიუსი”