საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებისთვის ემზადება

ეროვნული ნაკრები თბილისში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ქვეყნებს შორის დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო შეზღუდვების გამო, ლეგიონერების უმრავლესობა საწვრთნელ პროცესში 1-ელ სექტემბრიდან ჩაერთვება.

შეკრების პირველ დღეს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა და თურქულ სუპერლიგაში მოასპარეზე საბა ლობჟანიძემ ივარჯიშეს.

ვლადიმირ ვაისის მიერ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დასახელებულ შემადგენლობაში მორიგი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ კიტეიშვილი სექტემბერში დაგეგმილ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებენ.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატა. ბათუმის დინამოს წევრი მამუკა კობახიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტალინსა და თბილისში დაგეგმილი მატჩებისთვის მოემზადება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთნელი პროცესი 3 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე შედგება.

“იმედინიუსი”