კელი დეგნანი – დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, ამომრჩევლებს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

“თუ გადავხედავთ რუსეთის ქმედებებს სხვადასხვა არჩევნებისას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ აშშ-ის არჩევნებში, ნათელია, რომ ქვეყნებმა უნდა დაიცვან თავიანთი საარჩევნო სისტემები, ეს სიმართლეა როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრებს გვაქვს პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს, უფრო ეფექტიანად აღმოაჩინონ ფეიკნიუსები და დეზინფორმაცია, მოიძიონ მართალი და ზუსტი ინფორმაცია. პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ამომრჩევლებს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით მომდევნო რამდენიმე კვირაში ძალიან კარგ განვითარებებს ვიხილავთ, თუ არჩევნები იქნება ფოკუსირებული გამოწვევებზე და ამომრჩევლის ინფორმირებაზე, რათა მათ შეძლონ, 31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთონ ინფორმირებულად, დაშინების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება” – განაცხადა კელი დეგნანმა.

წყარო: ghn.ge