აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ რუსეთმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი გაიტანა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უწყების პრესსპიკერმა პატრიკ რიადერმა განაცხადა, რომ 16 მაისს რუსეთმა ორბიტაზე სავარაუდოდ სატელიტსაწინააღმდეგო კოსმოსური სამხედრო აპარატი გაიყვანა.
„ეს არის თანამგზავრი დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რომელიც ჩვენი შეფასებით, დიდი ალბათობით კოსმოსური იარაღია, რომელსაც სავარაუდოდ შეუძლია დაბალ ორბიტაზე სხვა თანამგზავრებზე იერიშის მიტანა“, – დააზუსტა რაიდერმა.
მისივე თქმით, რუსეთმა ეს „ახალი კოსმოსური იარაღი“ იმავე ორბიტაზე განათავსა, რომელზეც აშშ-ის ხელისუფლების სატელიტები ოპერირებენ.
თებერვალში ამერიკული მედია წერდა, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას და მისი სატელიტების წინააღმდეგ გამოყენებას გეგმავს. გასულ კვირას კი The Wall Street Journal -მა დაწერა, რომ მოსკოვმა ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში გაიყვანა კოსმოსში თანამგზავრი, რომლის დანიშნულებაც სატელიტსაწინააღმდეგო ბირთვული იარაღის კომპონენტების ტესტირებაა. WSJ ამტკიცებს, რომ აპარატი „კოსმოსი – 2553“ დღემდე დედამიწის გარშემო მოძრაობს.