ირაკლი ქადაგიშვილი: არავის სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი

არავის არ სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ჩვენ ყველა მხრიდან ყრუ კედელს წავაწყდით. არავის არ სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ან უნდა ვთქვათ, რომ ვართ ნეოკოლონიალური მმართველობის ამღიარებელი სახელმწიფო, ან უნდა ვთქვათ, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ისეთი კანონი, რომელსაც ლამის ნახევარი მსოფლიო იღებს და ყველა ამ კანონთან შედარებით ჩვენი კანონი ყველაზე უფრო ლიბერალური და ჰუმანურია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.