სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მზად იყო, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება გაეწია, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აიძულა, გადაეფიქრებინა. ამის შესახებ Washington Post-ის პოლიტიკური მიმომხილველი დევიდ იგნასი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი კვირაზე ნაკლები დროის შემდეგ ჩინეთმა მშვიდობისკენ მოწოდება საჯაროდ დაიწყო, თუმცა მოსკოვმა პეკინს იარაღი სთხოვა.
„ისინი [ჩინელები] უკვე მზად იყვნენ მიწოდებისთვის, როდესაც ბაიდენმა სი ძინპინს დაურეკა და გააფრთხილა, რომ აშშ რეაგირებას მოახდენდა, თუ გაიგებდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს გადასცემდა“, – წერს იგნასი.
ინფორმირებულმა ანონიმურმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ლიდერი აღშფოთებული იყო ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებით, მან გადაწყვიტა, რუსეთისთვის იარაღის პირდაპირი მიწოდებისგან თავი შეეკავებინა.
ამავდროულად, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სი ძინპინმა ყოფილ ვიცე-პრემიერ ლიუ ჰეს, დასავლეთთან მის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მომლაპარაკებელს, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გაწეული ფარული დახმარების მონიტორინგი დაავალა.