საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს უფლება, დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე იმ სამხედრო ობიექტებს, საიდანაც ოკუპანტები უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან, თუმცა არა სხვა სამიზნეებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა ესკალაცია, ეს არ შეცვლილა. ვფიქრობთ, რომ მათ უნდა მივცეთ საშუალება, გაანეიტრალონ სამხედრო ობიექტები, საიდანაც რაკეტებს ისვრიან, სამხედრო ობიექტები, საიდანაც თავს ესხმიან უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ უფლება, დაარტყან სხვა სამიზნეებს, სამოქალაქო, ან სხვა სამხედრო ობიექტებს რუსეთში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიაში.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის მოსაზრებას. მისივე თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მიმწოდებელი ქვეყნების პირობებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს და საერთაშორისო კანონმდებლობას, მას უფლება აქვს, დაიცვას თავი.
„უკრაინას აქვს ყველა შესაძლებლობა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. უცნაურად მიმაჩნია, როცა ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას არ უნდა მიეცეს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და მიიღოს ზომები, რომლებიც ამისათვის შესაფერისია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.