არჩილ თალაკვაძე – ხალხმა უკვე ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური

მმართველი გუნდის წევრი არჩილ თალაკვაძე რეფერუნდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური.

,,რეფერენდუმის ჩატარება არ უნდა მოითხოვო იმ კითხვით, რომელზეც პასუხი კონსტიტუციაში გვიწერია.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რეფერენდუმთან დაკავშირებით ნიშნავს შემდეგს, ის საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმოო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის. ეს შეკითხვა, რაც დაისვა თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური.

ძალიან საინტერესო იქნება დღის ბოლომდე ოპოზიციური პარტიების პასუხი და რეაქცია ამ ინიციატივაზე. თუ ისინი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ემხრობიან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ისინი იზიარებენ კითხვის ნიშანს, რაც დაუსვეს საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ და საზოგადოების უმრავლესობას კი ეს კითხვის ნიშანი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანება. ამ საპროტესტო აქციების შემდეგ რატომღაც რადიკალურ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს რჩებათ კითხვა თუ რა სურს ქართველ ხალხს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ეს კითხვა, არც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ამიტომ, ამ პროცესმა, როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და ზურაბიშვილი მიიყვანა იქ, საიდანაც დაიწყეს საერთოდ ამ აქციების ორგანიზება და მხარდაჭერა იმ დესტაბილიზაციის, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.