პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე სამ საკანონმდებლო პაკეტს

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე სამ საკანონმდებლო პაკეტს.

საუბარია შემდეგ პაკეტებზე – „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 80 ხმით მიიღო, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი – 81 ხმით, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი – 79 ხმით.

„ეს არის ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს საკითხები იყო სამუშაო ჯგუფებში დისკუსიის საგანი. გარკვეული პერიოდი დასჭირდა ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებას და საბოლოოდ წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. შესაბამისად, გთხოვთ, გამოვხატოთ ერთობლივი მხარდაჭერა – საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.