აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფარულად მისცა უკრაინას ნებართვა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით დარტყმებისთვის მხოლოდ ხარკოვის მახლობლად. ამის შესახებ Politico ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ინფორმირებულ ორ სხვა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
„პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ შეძლოს ამერიკული იარაღის გამოყენება ხარკოვში საპასუხო ცეცხლის მიზნით, რათა დარტყმა მიაყენოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ უტევდნენ, ან ამისთვის ემზადებოდნენ“, – წერს Politico ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის შიგნით შორ მანძილზე დარტყმების დაშვების პოლიტიკა „არ შეცვლილა“.
გამოცემა არ აზუსტებს, როდის გასცა ბაიდენმა ნებართვა.
უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მოკავშირეები გლობალური კონფლიქტის შესახებ გააფრთხილა.
შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ არ წაახალისებს აშშ-ის იარაღის გამოყენებას რუსეთზე პირდაპირი თავდასხმებისთვის. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონის ამჟამინდელი პოზიციის შესახებ განაცხადა, რომ ის „დაიხვეწება და ადაპტირდება“.