პრემიერის ანგარიში – მოქალაქეები დისტანციურად შეძლებენ უძრავ ქონებაზე გარიგებების დადებას, ნასყიდობის საფასურის გადახდასა და უფლების რეგისტრაციას

ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში/ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დისტანციურად, ელექტრონული მოწყობილობის (კომპიუტერი, ტელეფონი და ა.შ.) საშუალებით შეძლებენ უძრავ ქონებაზე გარიგებების დადებას, ნასყიდობის საფასურის გადახდასა და უფლების რეგისტრაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა.

„სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა გონიერი კონტრაქტის კონცეფცია, უძრავი ქონების ტრანზაქციების ელექტრონულად განხორციელების მიზნით, რომლის შექმნის ტექნიკური ნაწილი დასრულებულია. ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში/ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დისტანციურად, ელექტრონული მოწყობილობის (კომპიუტერი, ტელეფონი და ა.შ.) საშუალებით შეძლებენ უძრავ ქონებაზე გარიგებების დადებას, ნასყიდობის საფასურის გადახდასა და უფლების რეგისტრაციას. ხელშეკრულების მხარეები დაცული იქნებიან შესაძლო რისკებისგან, კერძოდ, გარიგების თანხა წინასწარ განთავსდება დაცულ საბანკო ანგარიშზე და მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრი შეაფასებს ხელშეკრულების ყველა პირობას და დაარეგისტრირებს შემძენის საკუთრების უფლებას, ამონაწერის მომზადების თანადროულად, ნასყიდობის თანხა ავტომატურად გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე. შედეგად, დაზღვეულია როგორც გამყიდველის, ისე მყიდველის რისკები. ამდენად, ახალი სერვისი იქნება სანდო, ზუსტი, სწრაფი, დაზოგავს მომხმარებლის დროსა და ფინანსებს, ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

28 ივნისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.