სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა საავადმყოფოდან მისცა, – ფაქტის აღმნიშვნელი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც სლოვაკეთის პრემიერი წერს, დიდ დასავლურ დემოკრატიებს არა მშვიდობა, არამედ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია სურთ.
„ხმა საავადმყოფოში მივეცი, რადგან ეს არჩევნებიც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ხმა მივცეთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც მშვიდობის ინიციატივებს დაუჭერენ მხარს და არა ომის გაგრძელებას.
დასავლეთის ქვეყნების თანხმობა, მისცენ უკრაინას უფლება დასავლური იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე თავდასხმისთვის, დასტურია, რომ დიდ დასავლურ დემოკრატიებს არა მშვიდობა, არამედ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია სურთ. ეს კი აუცილებლად მოხდება.
როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, არ ჩავრთავ სლოვაკეთს მსგავს სამხედრო ავანტიურებში და ჩვენი, სლოვაკეთის, მცირე შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მშვიდობა ომზე პრიორიტეტული იყოს“, – წერს რობერტ ფიცო.