“ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის ძალიან მტკიცე” – რატომ ჩავიდა კობახიძე ბერლინში ე. წ. “უკრაინის აღდგენის” კონფერენციაზე?

უკრაინა რომ დიდი ხანია, საქართველოს მტერ უყრაინად გადაიქცა, საქართველოში ყველამ კარგად იცის. რა თქმა უნდა, ამის აღიარება ბევრს არ სურს, რადგან არ აწყობს. ასეთთა რიცხვს, წესით, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა განეკუთვნებოდეს, ვინაიდან, არაერთხელ აღინიშნა თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ უკრაინა ცდილობს, დაარღვიოს მშვიდობა საქართველოში და, ე. წ. “გლობალური ომის პარტიის” დაკვეთით, გაგვახსნევინოს ე. წ. “მეორე ფრონტი”.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ჩიხში ფართხალს და ნაცვლად ლოგიკური ნაბიჯისა – დაუახლოვდეს რუსეთს, გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, იგი დასავლეთთან ლანძღვა-გინების რეჟიმშია და ამ დროს, პრემიერი ბერლინში გაემგზავრა, სადაც ე. წ. “უკრაინის აღდგენის კონფერენცია” იმართება 11-12 ივნისს.

ბერლინში ჩასულ პრემიერ კობახიძეს ქართველი ჟურნალისტები დაეტაკნენ და პრემიერმა, მიკროფონების წინაშე დაადასტურა, რომ უკრაინა და უკრაინელები საქართველოს “მეგობრები” არიან და საქართველო კვლავ გააგრძელებს ამ ქვეყნის მხარდაჭერას. “ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ არის ძალიან მტკიცე” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მაშ ასე, საქართველომ მთავრობამ “აგენტების კანონის” მიღებით ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა დასავლეთისგან დასაშორებლად, ახლა კი ორი ნაბიჯით უკან დაიხია. სხვანაირად არ შეიძლება შეფასდეს ისეთ ფორუმში მონაწილეობა, რომელსაც არა პოზიტიური დატვირთვა, არამედ ანტირუსული სარჩული უდევს. ეს კი, თავის მხრივ, იმიტომ, რომ შეუძლებელია უკრაინის “აღდგენაზე” საუბარი რუსეთის გარეშე. შეუძლებელია უკრაინის ძველ საზღვრებზე ფიქრი, ვინაიდან რუსეთმა სხვა რეალობა შექმნა და ამ რეალობას (განსხვავებით აფხაზეთ-შიდა ქართლისა, სადაც რაღაცის შეცვლის თეორიული შანსი მაინც არსებობს), აღარასოდეს შეცვლის. ამ დროს კი, ვიმეორებთ, საქართველო მონაწილეობას იღებს ამ ანტირუსულ ღონისძიებაში.

თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს შეიძლება, სუსტი, მაგრამ მაინც გამართლება მოვუძებნოთ. ერთი პირობით. კერძოდ, სულ მალე, 15-16 ივნისს, შვეიცარულ ბიურგენშტოკში, გაიმართება კიდევ ერთი კონფერენცია უკრაინის შესახებ – ე. წ. “სამშვიდობო კონფერენცია”. ეს უფრო წარმომადგენლობითი და, თან, რუსეთსთვის უფრო გამომწვევი ღონისძიებაა, ვიდრე ბერლინის ამჟამინდელი კონფერენცია. შესაძლოა (თუმცა დარწმუნებულნი არ ვართ), საქართველო არ აპირებს შვეიცარიაში იყოს წარმოდგენილი და მთავრობამ, ერთგვარი ბალანსის სახით, მონაწილეობა მიიღო ბერლინის ღონისძიებაში, რომელიც რუსეთის უარყოფით რეაქციას კი აწყდება, მაგრამ არა ისეთი გააფთრებული ფორმით, როგორც შვეიცარიის მომავალი კონფერენცია, თვეების მანძილზე ფართოდ გაპიარებული.

ბერლინში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური ვიხილეთ (იხ. ფოტო, ზევით, კობახიძე წინა რიგში, განაპირა დგას). რუსეთი მოწვეული არ ყოფილა, თუმცა არც აპირებდა რუსეთი ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას, არადა, ეს შესაძლებლობაც განიხილებოდა.

ეს მით უფრო ეხება შვეიცარიის ბიურგენშტოკის კონფერენციას, სადაც, განსხვავებით ბერლინისგან, 80 სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი და კიდევ 10 საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს ჩათვლით. ზემოთ აღნიშნული 80 სახელმწიფოდან ნახევარი ევროპული ქვეყნებია და კიდევ მათი ნახევარი სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე იქნება წარმოდგენილი (დანარჩენები – საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე). ერთი სიტყვით, შვეიცარიის “სამშვიდობო” კონფერენცია უფრო წარმომადგენლობითია, უფრო გახმაურებული და თან, რუსეთისთვის უფრო გამაღიზიანებელი, ბერლინის კონფერენციასთან შედარებით.

ამიტომ, თეორიულად ვუშვებთ, რომ კობახიძე განზრახ წავიდა უფრო დაბალი სტატუსის ფორუმზე, რათა თავიდან აირიდოს რუსეთისთვის უფრო გამაღიზიანებულ ფორუმზე მონაწილეობა. თუმცა ეს ყველაფერი სისუსტის და უპრინციპობის ნიშანი უფროა, ვიდრე პოლიტიკური გამჭრიახობის. თან, ისიც არ ვიცით, შვეიცარიაში საქართველო, შესაძლოა, არა პრემიერის დონეზე, მაგრამ მაინც იყოს წარმოდგენილი, რაც ხაზს გადაუსვამს რუსეთთან დაახლოების შანსებს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიურგენშტოკის კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა სიას მხოლოდ პარასკევს გამოაქვეყნებს.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”