ნანა კაკაბაძე: ზელენსკის მორიგი ქაჯობა: მან ხელიდან არ გაუშვა შანსი, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოეჩინა ქართველი ხალხის მისწრაფებებისგან განცალკევებულად

არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე უკრაინის აღდგენისადმი ბერლინში მიმდინარე კონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ზელენსკის მორიგი ქაჯობა. ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენისადმი ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა:

„კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ ასევე საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში. მანამდე კი ჩვენ ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად“.

შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერმა აღნიშნა:

„საქართველომ მხარი დაუჭირა 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ტიპის აქტს, რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ძალიან მყარი და ძალიან მკაფიო“.

ამის საპასუხოდ, თავის გამოსვლაში ზელენსკიმ ხელიდან არ გაუშვა შანსი, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოეჩინა ქართველი ხალხის მისწრაფებებისგან განცალკევებულად და განაცხადა:

„ევროკავშირში გაწევრიანებას იმსახურებენ უკრაინა, მოლდოვა, ქართველი ხალხი და ბალკანეთის ქვეყნები“…
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლება კი წარმოადგენს ქვეყანას, მაგრამ არა ქართველ ხალხსო. ამიტომ ხელისუფლება და ქვეყანა არ იმსახურებენ ევროკავშირში გაწევრიანებასო.
ამ ყველაფრის მიზეზები ცნობილია:

1.არ ვაგზავნით უკრაინაში ოფიციალურად მებრძოლებს;
2.არ ვაწვდით შეიარაღებას;
3.არ ვათავისუფლებთ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს;
5.არ ვუწესებთ რუსეთს ინდივიდუალურ სანქციებს და ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფი ბალტიის ქვეყნების მსგავსად ყოველდღე (ან კვირაში ერთხელ მაინც) ჩვენი ხელისუფლება დედას არ აგინებს რუსეთს.

რადგან ეს მოთხოვნები არ შეგვისრულებია, ამიტომაც მორიგჯერ იქაჯა ზელენსკიმ ბერლინში, მაგრამ ამ ყველაფერს თუ შევასრულებდით, ზელენსკის და ბევრი სხვა ლიდერის სიტყვიერ შექებას დავიმსახურებდით. თუმცა, თუ ამ ყველაფრის გამო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა, ეს უკვე არც ზელენსკის და არც სხვა ლიდერების პრობლემა არ იქნებოდა.უკიდურეს შემთხვევაში, აღშფოთება-შეშფოთებას გამოხატავდნენ, ხოლო თუ მეორე ფრონტსაც გავუხსნიდით რუსეთს, არც იარაღის და საბრძოლო მასალის მოწოდებას დაგვამადლიდნენ“, – წერს კაკაბაძე.