რადიკალურმა ლიბანურმა შიიტურმა მოძრაობამ, ჰეზბოლამ, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის სამხედროები და მედია იტყობინება.
საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი გალილეის ბევრ დასახლებაში გაისმა, მათ შორის ქალაქ საფედსა და ტიბერიაში, წერს The Jerusalem Post.
The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე (IDF-ზე) დაყრდნობით განმარტავს, რომ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ლიბანის ტერიტორიიდან სულ მცირე 100რაკეტა გაისროლეს. მათივე ცნობით, ეს არის ჰეზბოლას მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ომი დაიწყო.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან გასროლილმა 90-მდე რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს, დანარჩენი რამდენიმე ადგილას დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ავიაიერიშის შედეგად დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეილონ ლევიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ გაანეიტრალა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები.