ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, 14 ივნისს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატი 14 ივლისამდე გაგრძელდება. ის გერმანიის 10 ქალაქში – ბერლინში, კიოლნში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, ლაიფციგში, მიუნხენსა და შტუტგარტში – გაიმართება.

ჩემპიონატი გერმანიისა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრით იხსნება, რომელიც მიუნხენში იმართება. ნახევარფინალები მიუნხენსა და დორტმუნდში ჩატარდება, ხოლო ფინალი – ბერლინში.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო პირველობაზე 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში უკვე ჩავიდა. ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები მსგავსი დონის ტურნირში პირველად მონაწილეობს.