სალომე ზურაბიშვილი მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო.

სალომე ზურაბიშვილმა  ზელენსკის უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და, ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი იყოს მისი სამომავლო განვითარება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის, მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა. უკრაინის პრეზიდენტმა საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.