მსოფლიოში მზა ბირთვული ქობინების რაოდენობა გაიზარდა, ნათქვამია შვედური ორგანიზაცია Sipri-ს მკვლევარების მოხსენებაში. ექსპერტები შეშფოთებულნი არიან და თავიანთ გამოთქმებში მკვეთრ ფორმულირებებს არჩევენ. მთავარი ტენდენცია გამოიკვეთა: განსაკუთრებით ენერგიულად ერთი დიდი ნაცია იარაღდება.
შვედეთის სამშვიდობო კვლევითი ინსტიტუტის Sipri-ის ექსპერტები ბირთვულ იარაღთან მიმართებით საგანგაშო ტენდენციას ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ ატომური იარაღის საერთო რაოდენობა ცივი ომის შემდეგ სტაბილურად მცირდება, მყისიერად ასამოქმედებელი ბირთვული ქობინების არსენალი იზრდება. Sipri-ის უახლესი წლიური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის იანვარში რაკეტებითა და თვითმფრინავებით გასაშვებად დაახლოებით 3900 ქობინი იქნებოდა ხელმისაწვდომი, ე. ი. 60-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. მათგან 2100 დაყენებული იყო მაღალი მზადყოფნის რაკეტებზე, რაც 100-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
შვედური ორგანიზაციის დირექტორი დენ სმიტი შეშფოთებულია: „ჩვენ ვიმყოფებით კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პერიოდში”, – ამბობს ის და მიუთითებს გლობალური არასტაბილურობის მრავალ მიზეზზე, როგორიცაა პოლიტიკური მეტოქეობა, ეკონომიკური უთანასწორობა, ეკოლოგიური დარღვევა და დაჩქარებული შეიარაღების რბოლა.
„უფსკრული ხელს გვიქნევს და დროა, დიდმა სახელმწიფოებმა უკან დაიხიონ და დაფიქრდნენ. სასურველია, ერთობლივად“, – ამბობს ექსპერტი.
Sipri-ის ექსპერტების მონაცემებით, რუსეთსა და აშშ-ს ერთად, აქვთ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის თითქმის 90%. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ბირთვულ ძალებთან მიმართებაში გამჭვირვალობა შემცირდა, აცხადებს შვედური ორგანიზაცია. ზოგიერთი ინფორმაცია ეფუძნება შეფასებებს. Sipri-ის ასევე არ აქვს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთიმა ბირთვული იარაღი ბელორუსის ტერიტორიაზე განალაგა.
შვედი ექსპერტები გამოდიან მოცემულობიდან, რომ ბირთვული იარაღი ცხრა სახელმწიფოს აქვს. ესენია: აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა და ისრაელი. ყველა ეს სახელმწიფო ახდენს თავისი ბირთვული არსენალის მოდერნიზებას. იანვარში ყველა ბირთვული ქობინის ჯამი შეფასებულია 12121 ცალად, რაც ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი (12512), თუმცა ამის მიზეზი ცივი ომის ძველი მარაგების თანდათანობითი დემონტაჟია. სამაგიეროდ, აშშ-ს და რუსეთს, თითოეულს, ჰქონდათ დაახლოებით 1700-მდე მყისიერად გამოსაყენებელი ქობინი. სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე მსოფლიო მშვიდობისთვის, რადგან იზრდება ცდუნება, რომ კონფლიქტებში გამოყენებულ იქნას ტაქტიკური ატომური იარაღი.
აღსანიშნავია, რომ Sipri-ის შეფასებით, ჩინეთმა ერთი წლის განმავლობაში გააფართოვა ატომური იარაღის არსენალი 410-დან 500-მდე და, სავარაუდოდ, გააგრძელებს მის გაზრდას. მშვიდობიანობის დროს პირველად, ჩინეთს შესაძლოა, მცირე რაოდენობის ქობინები დაეყენებინა რაკეტებზე. Sipri-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთს აქვს საშუალება, გარკვეულ პერიოდში მინიმუმ იმდენი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) შექმნას, რამდენიც რუსეთს ან აშშ-ს აქვთ. თუმცა ამჟამად ჩინეთის ბირთვული ქობინების მარაგი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ გაცილებით მცირეა, ვიდრე რუსეთისა და აშშ-ის.
„ჩინეთი უფრო სწრაფად აფართოებს ბირთვული იარაღის არსენალს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა“, – ამბობს საერთაშორისოდ აღიარებული ბირთვული იარაღის ექსპერტი ჰანს მ. კრისტენსენი, რომელიც Sipri-ში პასუხისმგებელია ბირთვული შეიარაღებების ანალიზზე. ის აღნიშნავს, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე თითქმის ყველა სახელმწიფოში არსებობს კონკრეტული გეგმები ან მნიშვნელოვანი ძალისხმევა ბირთვული ძალების გაზრდისთვის.
წყარო: welt.de