მოიტყუა, რომ პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეძლო და სანაცვლოდ 2 700 აშშ დოლარი აიღო – დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ „უდო“-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდადებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 7 წლამდე ვადით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.