13 კილოგრამი მარიხუანა ავტომობილის საბარგულში მოწყობილ სამალავში ჰქონდა მოთავსებული – შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 13 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

. 

„სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე მალულად (ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში, წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა. აღნიშნული აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში, 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.