ჰასან ნასრალა: „ჰეზბოლას“ არ სურს ტოტალური ომი, მაგრამ თუ ისრაელი ომს დაიწყებს, ისრაელში არცერთი ადგილი უსაფრთხო არ იქნება

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იმუქრება, რომ თუ  ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებას ლიბანში „ტოტალურ ომს“ გამოუცხადებს, ებრაული სახელმწიფო უნდა მოემზადოს ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან თავდასხმებისთვის, ხოლო სიტუაცია ხმელთაშუა ზღვაში მთლიანად შეიცვლება.

ნასრალა ისრაელს აფრთხილებს, რომ  ომის შემთხვევაში, ისრაელში არცერთი ადგილი არ იქნება უსაფრთხო.

„მტერმა კარგად იცის, რომ ჩვენ მოვემზადეთ ყველაზე უარესისთვის… და რომ ჩვენი რაკეტები ისრაელში ყველა ადგილს მისწვდება“, – აღნიშნა ჰასან ნასრალამ.

ნასრალას თქმით, ისრაელს უნდა მათი დაშინება, მაგრამ მათ უნდა ეშინოდეთ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ღაზას მხარდაჭერას და მზად ვართ ყველაფრისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენი მოთხოვნა ნათელია: სრული და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში. თუმცა, ყოველდღე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოდის და ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია“, – დასძინა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

„ჰეზბოლას“ ლიდერი, ასევე, აცხადებს, რომ  შიიტურ ტერორისტულ დაჯგუფებას არ სურს „ტოტალური ომი“ და მოქმედებს მხოლოდ „ჰამასის“ მხარდასაჭერად.

მისი თქმით, „ჰეზბოლას“ უწყვეტი თავდასხმების წყალობით, ისრაელის არმია იძულებული გახდა ღაზიდან რესურსები გადაეტანა.

„ისრაელმა უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი განიცადა ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე ქალაქების ევაკუაციისა და ამ მხარეში სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმიანობის შეჩერების შედეგად. სამხედრო და ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, ისრაელის ლიდერებს არ სურთ აღიარონ ზიანის სიდიდე, რათა არ მოხდეს ზეწოლა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე, რომლის პრიორიტეტია ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი“, – აცხადებს ნასრალა.

ამასთან, „ჰეზბოლას“ ლიდერი დასძენს რომ IDF-ს ჯერ კიდევ არ შეუძლია „ჰამასის“ ძალების სრული დემონტაჟი რაფაში, მიუხედავად სახმელეთო ოპერაციისა, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა.