წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდათ და რა წაიღეს. რამდენი წელია ასე გრძელდება, ახალი ხომ არაფერია?
კიბერშეტევა რუსეთის მხრიდანაა, აბა, ბურკინა ფასო ხომ არ იქნებოდა დაინტერესებული , – ასე შეაფასა ambebi.ge-სთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ლუგარის ლაბორტორიის მონაცემთა ბაზაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული აქტი.
„რა საიდუმლო უნდა ენახათ? ფეიკებს ათავსებენ, ვითომ დამაჯერებლობა რომ შესძინონ და რა, ახალი ამბავია? სულ ასე არ იქცევიან? ჩვენ მიჩვეულები ვართ ყველანაირ შეტევას – პროპაგანდისტულს, კიბერს და ა.შ. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, ტყუილად გაისარჯნენ”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ .
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიებით დგინდება, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
“აიპიენი”