რუსეთი ფოსტით ხმის მიცემის მიმართ ამერიკელების ნდობის შერყევას ცდილობს- აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთი ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის უსაფრთხოებისა და საიმედოობის მიმართ ამერიკელების ნდობის შერყევას ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, გავრცელდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი დაზვერვისა და ანალიზის ოფისის მიერ გამოცემული დოკუმენტის ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს ფოსტით ხმის მიცემის პროცესის კრიტიკას, „რათა ამ გზით საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი ნდობა შელახოს.“

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში „რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა და მარიონეტულმა ვებსაიტებმა“ გამოაქვეყნეს კრიტიკა ფოსტის საშუალებით კენჭისყრის შესახებ. კერძოდ, „მათი მტკიცებით, მოძველებული საარჩევნო სიების გამო ბიულეტენები, შესაძლოა, ხმის მიცემის უფლების არმქონე პირებმაც მიიღონ, ბიულეტენების დიდი ნაწილი დაუთვლელი დარჩეს და გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ ფოსტის საშუალებით კენჭისყრა გაყალბებისგან დაუცველია.“

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში არჩევნების პროცესის მიმართ ნდობის დაკნინების მიზნით, რუსეთი, სავარაუდოდ, გააძლიერებს ტროლინგს აშშ-ს საარჩევნო სისტემის კორუფციის, წარუმატებლობისა და “უცხო ძალის მიერ საზიანო ჩარევის” შესახებ ბრალდებების წაქეზების გზით.

„როიტერსი“ წერს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს დოკუმენტის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რუსეთი კი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას უარყოფს.

“აიპიენი”