ჰაჯის დროს სულ მცირე 1 301 ადამიანი დაიღუპა – საუდის არაბეთის მთავრობა

საუდის არაბეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს, ჰაჯის დროს, სულ მცირე, 1 301 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისინი სიცხიან ამინდში შორ მანძილზე თავშესაფრის გარეშე გადაადგილდებოდნენ. დაღუპულთა სამ მეოთხედზე მეტს არ ჰქონდა ჰაჯიზე ყოფნის ოფიციალური ნებართვა და ისინი მზის სხივების ქვეშ გადაადგილდებოდნენ. ამასთან, დაღუპულთა ნაწილი ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები იყვნენ.

საუდის არაბეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არასაკმარისად იმოქმედა ჰაჯის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით დაურეგისტრირებელი მომლოცველებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა კონდიცირებული კარვები და ჰაჯის ოფიციალური ტრანსპორტი.

მექაში სალოცავად წასვლა, ანუ ჰაჯის შესრულება, მუსლიმთა ერთ-ერთი უწმინდესი მოვალეობაა. წელს ჰაჯიში მონაწილეობა დაახლოებით 1,8 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ჰაჯის დროს ტემპერატურა წელს 50 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა.