ახალ კალედონიაში პროტესტის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და შენობები დაწვეს

ადგილობრივი მმართველობის ცნობით, ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის მომხრე პროტესტის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები დაწვეს და ქუჩები გადაკეტეს.

კუნძულზე დაძაბულობის ზრდა პროტესტების ლიდერის, კრისტიან ტაინის საფრანგეთში ექსტრადირებას უკავშირდება.

ახალ კალედონიაში საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლის, უმაღლესი კომისრის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ დემონსტრანტებმა კუმაკის კომუნაში ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

დუმბეას მუნიციპალური საბჭოს ინფორმაციით, პროტესტების ფონზე სახანძრო მანქანას, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით, თავს დაესხნენ და ზოგი სკოლა იძულებული გახდა, სწავლა შეეჩერებინა.

დამოუკიდებლობის მომხრე უდიდესი პარტიის, კალედონიური კავშირის პრეზიდენტის, დანიელ გოას, თქმით, ტაინისა და პარტიის სხვა ექვსი წარმომადგენლის დეპორტაციით “განცვიფრებულია”.

“რაც მათ ქნეს, მხოლოდ ისაა, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი დემონსტრაციებს გაუწიეს ორგანიზება”. – თქვა გოამ.

ტაინი საველე ქმედების კოორდინაციის უჯრედს (CCAT) ხელმძღვანელობდა, რომელიც პროტესტების დროს ქუჩებში ბარიკადებს აგებდა. პოლიციამ ის წინა კვირას დააკავა.

საფრანგეთის მიმართ ლოიალისტმა პოლიტიკოსებმა, სონია ბაკესმა და ნიკოლას მეცდორფმა განცხადებაში თქვეს, რომ პროტესტების შედეგად ადგილობრივი ბიზნესების მესამედი განადგურდა და მაკრონს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვენ, რომ ახალი კალედონია სახელმწიფო ადმინისტრაციას დაექვემდებაროს.ა

ახალ კალედონიაში პროტესტები მაისში დაიწყო, როცა საფრანგეთმა კონტროვერსიულ რეფორმებს დაუჭირა მხარი. ამ რეფორმებით, კუნძულზე 10 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში მყოფ ათასზე მეტ ფრანგ მცხოვრებს ხმის მიცემის უფლება ეძლევათ.

კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის, კანაკების, ის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლობას ემხრობა და რეფორმას ეწინააღმდეგება, მიიჩნევს, რომ ახალი კანონით დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმების ჩატარება გართულდება და მათ ხმას ძალა დაეკარგება.