მადამ ზურაბის მიმართვა ელჩებს – ვინ როგორ გაიგო ზურაბიშვილის მოწოდებები

იმ ფონზე, როცა პრემიერი ირაკლი კობახიძე დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს, ბერლინში დიპლომატებს ხვდება და ამ მიმართულებით მუშაობას სთხოვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩებს საგანგებოდ მიმართავს და არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდებს. ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის მოწოდება და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას? სალომე ზურაბიშვილი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიპლომატების განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს. მისი თქმით, მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი წყდება, საქართველოს წარმომადგენლებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. “შაბათ-კვირას ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ, რას ნიშნავს, რომ “საქართველო მაინც შევა ევროკავშირში?”, – ამბობს ზურაბიშვილი თავის მიმართვაში, რომელშიც დასძენს, რომ აინტერესებთ, “მაინც” რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებენ “რუსულ” კანონებს და არა მხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენენ არც ერთ რეკომენდაციას და არ ასრულებენ არც ერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე.

სწორედ დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა – ერთგვარად, თეთრი შურით მშურს მისი – ხელი მოაწერა განკარგულებას დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ახლა ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით. ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ, რომლებიც აქამდე ჩვენს ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არც ერთ მთავრობასა და არც ერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად, ჩვენი ხალხის დამსახურებაა – ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. მინდა, ამაში ვიყო დარწმუნებული”, – ასე მიმართავს ზურაბიშვილი ქართველ დიპლომატებს.

მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და, მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს, მის მომავალს და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, – დაასკვნის ზურაბიშვილი თავის სიტყვაში ქართველ დიპლომატებთან. მმართველ პარტიაში ეს უკვე შეფასდა, როგორც საბოტაჟი პრეზიდენტის მხრიდან.

“დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება საგარეო პოლიტიკის საგარეო ფლანგზე მხარდაჭერა და აქტიური მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ საგარეო ურთიერთობები იქცა საქართველოს შიდა პოლიტიკის მთავარ ბირთვად. ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ დიპლომატიური კორპუსის მუშაობას და ასეთი მოწოდებები სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არის ქვეყნის დაზიანებისკენ, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისკენ მიმართული“, – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. გია აბაშიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება ზუსტად ჯდება იმ გეგმაში, რომელიც “აგენტოკრატიამ ფსევდო პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაუკვეთა”.

“კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკუთარ ამომრჩეველს დაუპირისპირდა. ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან დაკავშირებით განაცხადა, ეს არის ანტიკონსტიტუციური განცხადება. ზურაბიშვილი უკვე კრიმინალურ ელემენტად იქცა, რადგან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და საბოტაჟის მოწყობის მოწოდებებით გამოდის. გასაკვირი არ იქნება, თუკი კონსტიტუციურად მხოლოდ ცერემონიალური პრეზიდენტი უკანონო განცხდებებს და მოწოდებებს ახლა საქართველოს თავდაცვის თუ სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ გააკეთებს. ეს არის ზურაბიშვილის უსამშობლო და ანტიეროვნული ბუნება. გვიან შემოდგომაზე კი ამ ყველაფერს წერტილი დაესმება. მისი ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველო დააზიანოს, ფუჭი იქნება“, – ამბობს აბაშიძე. მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და მიტაცებულად გამოაცხადებს. ამით კი შეეცდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას სტიმული მისცეს, რათა ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ.