ჩრდილოეთ კორეის საინჟინრო ჯარების რუსეთში, ან უკრაინაში გაგზავნის ნიშნები ჯერ არ შეიმჩნევა – პენტაგონი

შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში, ან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საინჟინრო ჯარების გაგზავნის ნიშანს ჯერჯერობით ვერ ხედავს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა, წერს უკრაინული მედია.

მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის ძალისხმევას მხარს უჭერს სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებით, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ჯარების შესახებ, რომლებიც ახლა რუსეთში იგზავნება“, – განაცხადა სინგმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშენებლო და საინჟინრო ჯარებს გაგზავნის. კორეელები, სავარაუდოდ, „რეკონსტრუქციულ სამუშაოებს“ განახორციელებენ და დამპყრობლებს ოკუპირებულ დონეცკში ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარებიან.

როგორც სამხრეთ კორეის ტელეარხი TV Chosun-ი იტყობინება, ჩრდილოეთ კორეა დონბასში მასშტაბური საინჟინრო ძალების გაგზავნას ივლისში გეგმავს.