მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს – რატომ გაათავისუფლეს საპატიმროდან?

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

 

ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქარდავას მოთხოვნა ამჟამად განხლვის პროცესშია და ჯერ უცნობია, რას გადაწყვეტს უკრაინული მხარე.

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში 2017 წელს დააკავეს, ერთი წლის შემდეგ კი მას საეწსტრადაციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ქართული მხარე ქარდავას ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ძებნილმა მაღალჩინოსანმა შესაბამის უწყებებს პოლიტიკური თვშესაფრის მოთხოვნით მიმართა, შესაბამისად მისი ამ მოთხოვნის განხილვამდე ექსტრადაციის საკითხი გადადებულია.

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი.

ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა.

უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოთხოვნილია სისხლის სამართლის 11 საქმეზე,

იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდადებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის მიერ ოთხწლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს შეცვლილი გარეგნობით, შეცვლილი ვინაობით და ყალბი დოკუმენტაციით დააკავეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარდავას დაკავების მომენტში ხუთი სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი აღმოაჩნდა, მათ შორის ერთი – საქართველოსი, ორი – უკრაინის, ერთი – ლატვიის და ერთიც – ბელიზის. ამავე ინფორმაციით, ამოღებულია მეზღვაურის მოწმობა, რომლის გამოყენებითაც მეგის ქარდავა სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს კვეთდა. აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მეგის ქარდავა „ომარ ძანძავას“ სახელითა და გვარით გადაადგილდებოდა. ის სწორედ ამ პირადი მონაცემებით დააპატიმრეს.

“პრაიმტაიმი”