ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ნაწილს საბა გოგშელიძეს, ირაკლი მუმლაძეს, ირაკლი წაქაძეს და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუზუსტდათ.
მათ ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
გამოძიებამ ჩათვალა, რომ ბრალის დაზუსტების სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა. ვერ გეტყვით, რომ ოჯახს ამასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია გვაქვს ან დადებითი, ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია.
ბრალი დაუმძიმდა ვახტანგ ჩიქოვანსაც. თუმცა ოჯახი და ნათესავები აცხადებენ, რომ გიორგის მეგობრები არიან დამნაშავეები. იგივე აზრს იზიარებს ზ.ხ.-ს მამა. ახლა, როდესაც ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდა, ალბათ კიდევ უფრო დაიწყება მათი ვერსიის გამყარება. ფიქრობთ, რომ მათ ვერსიას აქვს არსებობის უფლება?
მე რამდენადაც პროკურატურის განცხადებიდან აღვიქვი, ბრალი კი არ დაუმძიმდათ, ბრალის შინაარსობრივი კორექცია მოხდა. რაც შეეხება, მაპატიეთ და ამ სულელურ ვერსიას, სანამ მათ ეს ვერსიები ექნებათ, მანამდე ყოველთვის პრობლემა ექნებათ. სხვას ვერაფერს ამბობენ რეალურს, იმიტომ რომ თავადაც ძალიან კარგად იცოდნენ, რაც მოხდა, იციან, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების გარდა გიორგისთან ფიზიკური შეხება არავის არ ჰქონია. სულელური ვერსიების გაჟღერება მათი პრობლემაა.
ბევრი უცნაურობებს ვიგებთ საქმესთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ ცრუ ჩვენება მისცა ერთ-ერთმა მოწმემ. თქვენთვის რამდენად იყო ეს მოსალოდნელი და ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავს სიტუაციაში შეიძლება სხვაც აღმოჩნდეს?
ეს მოსალოდნელი იყო. როგორც კი ამ მოწმის გამოკითხვის შემდეგ დამატებითი მასალები მოიპოვეს, თავიდანვე გაირკვა, რომ ქალბატონმა მისცა ცრუ ჩვენება და გარკვეული დაინტერესება ჰქონდა. ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა მიზეზი დაასახელა, რატომ მოიტყუა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ასეთი ცრუ ჩვენების შემდეგ, თუ არ ვცდები, 2 ტომი შეიქმნა, რომ ამ ჩვენების რეალობა გადამოწმებულიყო. მეტი უარესი რა უნდა მოხდეს გამოძიებაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თუ ასეთი რამდენიმე მოწმე, ბოდიში და „შევუგდეთ“ ძიებას ხელოვნურად, რამდენი დრო უნდა ხარჯოს. მერე იმ მასალების გამოკვლევას ეხუმრებით? მარტო მაგ ქალბატონის ჩვენების გამო თუ არ ვცდები, 13 თუ 15 საათის მასალაა კამერებიდან ამოღებული და ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა იკვლიო. ამ ფაქტს შეფასება რომ უნდა მისცემოდა, ფაქტია და სწორიც არის. მაგრამ ახალგაზრდა გოგონაა და პატარა შვილი ჰყავს, დაუდევრობით მოუვიდა ეს საქციელი. ადამიანები ვართ, ოჯახს მასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია არ გვაქვს. შეფასება რომ მიეცა, სწორია და ამას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები. თქვენს კითხვაზე, კიდევ ხომ არ არის ვინმე, ვინც შეიძლება მსგავს სიტუაცი აღმოჩნდეს, გეტყვით, რომ არის და მათი ამოწურვა გამოძიებაზეა დამოკიდებული.
წყარო: cyc.ge