პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში შედეგების მიღწევამდე უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში შედეგების მიღწევამდე უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბრძოლის შეწყვეტა გარკვეული შეთანხმებების მიღწევის გარეშე შეცდომა იქნებოდა.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მტერმა ისარგებლოს ამით ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რათა გააუმჯობესოს თავისი პოზიცია: ხელახლა შეიარაღდეს, ხელახლა აღიჭურვოს თავი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარე დათანხმდეს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის შეუქცევადი და მისაღები იქნება. კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება შუამავლების მეშვეობით და მხოლოდ მათი დახმარებით, ჩემთვის ნაკლებად სავარაუდოა. პირველ რიგში იმიტომ, რომ შუამავალი სავარაუდოდ არ იქნება უფლებამოსილი, რომ საბოლოო დოკუმენტებს ხელი მოაწეროს“, – აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონკრეტულ წინადადებებს არ იცნობს, მაგრამ მას სერიოზულად ეკიდება.