ორბანი აცხადებს, რომ თავს მიიჩნევს ერთადერთ დასავლელ ლიდერად, რომელსაც ერთდროულად შეუძლია უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ გამოუთქვამს ინტერესი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას საფუძვლიანი წინაპირობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

ჟურნალისტმა ვიქტორ ორბანს იმ სამი კითხვის შესახებ ჰკითხა, რომელიც, ორბანის თქმით, პუტინს შეხვედრაზე დაუსვა.

ორბანის თქმით, პუტინმა უთხრა, რომ რეალური მოლაპარაკებები შეუძლებელია ორივე მხარის ჩართულობის გარეშე და რუსეთის ჩართულობის გარეშე მოქმედებას აზრი არ აქვს. ვიქტორ ორბანის შეფასებით, ეს სავსებით ლოგიკურია – აშკარად გულისხმობდა მშვიდობის გლობალურ სამიტს.

კრემლის ხელმძღვანელმა ასევე განუცხადა ორბანს, რომ რუსეთმა უკვე უპასუხა უკრაინის პირველ წინადადებებს ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე და რომ მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია არ შეცვლილა და რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის იგივე პირობებით.

კითხვაზე, რა აზრისაა პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება? ვიქტორ ორბანმა აღნიშნა: „პუტინმა თქვა, რომ არ აქვს დადებითი მოლოდინები ამის შესახებ. ზელენსკიმ თქვა, რომ არ აქვს დადებითი მოლოდინები, რადგან რუსეთი ამას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, ხოლო პუტინმა თქვა, რომ ამ პაუზას უკრაინა გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. მე კი ვთქვი, მოდი, დავფიქრდეთ, ჩემთვის გასაგებია თქვენი არგუმენტები“.

მან აღნიშნა, რომ თავს მიიჩნევს ერთადერთ დასავლელ ლიდერად, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ისაუბროს როგორც კიევთან, ასევე, მოსკოვთან.

„მე ვაწარმოებ ამ მოლაპარაკებებს, რადგან ვეძებ ომის დასასრულებლად ყველაზე სწრაფ და უმოკლეს გზას“,  – დასძინა ორბანმა.

მისი თქმით, ის მოსკოვში ვიზიტს ბოლო წუთამდე უმალავდა დასავლელ მოკავშირეებს და მეტ „მოულოდნელ შეხვედრებსაც“ დაჰპირდა მათ.