საფრანგეთის პოლიციამ არჩევნების შედეგების აღსანიშნავ შეკრებაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ალიანსი ლიდერობდა, მისი მხარდამჭერები ქუჩებში გამოვიდნენ.

არსებული ცნობით, დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა, დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტებიც. მედიის ინფორმაციით, პოლიციას არსებული არეულობის განსამუხტად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ხალხმა შეკრება არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთში 30 000 პოლიციელი იყო მობილიზებული.

წინასწარი შედეგებით, მემარცხენეთა ალიანსმა ქვეყნის პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა, თუმცა მას საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა არ გააჩნია.