კადრების დეფიციტის გამო, 24-საათიანი მაღაზიები ისევ იხურება – „სექტორში საშუალო ხელფასია“

გასული წლიდან მოყოლებული, რითეილ ასოციაცია საუბრობს იმის შესახებ, რომ კადრების დეფიციტის გამო, 24-საათიანი მაღაზიები იხურება. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა ამჟამინდელი მდგომარეობით. როგორც ჩვენთან საუბრისას რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, სოფო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, სექტორი პრობლემის წინაშე კვლავაც დგას.

ქაშაკაშვილის თქმით, ზუსტი მონაცემები არ გვაქვს ჯერჯერობით იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის 24-საათიანი მაღაზია დაიხურა. მანვე აღნიშნა, რომ კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშეა არამარტო რითეილ, არამედ სხვა სექტორებიც.

„ისევ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, არაფერი შეცვლილა. კადრების დეფიციტი არა მარტო ჩვენ, არამედ თითქმის ყველა სექტორს აქვს. დეფიციტი ძირითადად დარბაზის თანამშრომლებზეა. მონაცემები არ გვაქვს, რამდენი 24-საათიანი მარკეტი დაიხურა იმიტომ, რომ ეს ციფრები ცვალებადია და გამოთხოვას აზრი არ აქვს, ფაქტობრივად, რადგან სანამ მთლიან სურათს მივიღებთ სექტორიდან, უკვე შეცვლილი იქნება ეს ციფრები“, – განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

“რითეილ ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარეს ვკითხეთ ხელფასებზეც. მისი თქმით, მარკეტებში დასაქმებულების ხელფასები თვეში საშუალოდ 1200 ლარამდეა.

„წინა წელს რამდენიმე კარგი კვლევა დაიდო სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების, მათ შორის tbc capital-ი, galt&tagart-ი, pmcg-ი და ხელფასებიც იყო განხილული. სექტორში საშუალო ხელფასია – 1200 ლარამდე, რაც მონათესავე სექტორებს შორის საშუალოა“, – ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.