თეთრი სახლი: ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არ აქვს და არც ჰქონია პარკინსონის დაავადება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„უტარდებოდა თუ არა ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადების მკურნალობის კურსი? არა. უტარდება თუ არა ამ დაავადებისგან მკურნალობის კურსი ახლა? არა. იღებს თუ არა რაიმე პრეპარატებს პარკინსონის დაავადების წინააღმდეგ? არა“, – განაცხადა ჟან-პიერმა პრესკონფერენციაზე.

მისი ინფორმაციით, ბაიდენმა ნევროლოგთან კონსულტაცია სამჯერ გაიარა ყოველწლიური შემოწმების ფარგლებში.

გაზეთ The New York Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მკურნალმა ექიმი კევინ ო’კონორი მიმდინარე წლის იანვარში ნევროლოგ კევინ კანარდს შეხვდა, რომელიც პარკინსონის დაავადებაზეა სპეციალიზებული. The New York Times-ის ცნობით, კანარდი 2023-2024 წლებში თეთრ სახლში რვაჯერ იმყოფებოდა.

ჯო ბაიდენის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეკითხვები 27 ივნისს მასსა და დონალდ ტრამპს შორის ჩატარებული დებატების შემდეგ გაჩნდა. ბაიდენი ძალზე ცუდად გამოიყურებოდა, ხშირად აზრს მკაფიოდ ვერ აყალიბებდა და ფრაზას ვერ ასრულებდა. სწორედ ამის შემდეგ „დემოკრატების “ რიგში დაიწყო საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსში ბაიდენის სხვა ადამიანით ჩანაცვლების შესაძლებლობის განხილვა.

თავად ბაიდენმა ტელედებატების კომენტირებისას, განაცხადა, რომ მას ესმის, რომ ის ახალგაზრდა აღარ არის. „დიახ, მე ისე კარგად ვერ დავდივარ, როგორც ადრე, ისე გარკვევით ვერ ვსაუბრობ , როგორც ადრე, ისე კარგად ვერ ვმონაწილეობ დებატებში, როგორც ადრე. მაგრამ ვიცი რაც ვიცი, ვიცი სიმართლის თქმა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში ჩატარებულ წინასაარჩევნო მიტინგზე.