ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ცვლილება აჩენს რისკს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს”.

“საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს და აღნიშნული კანონი დაუბრუნდა პარლამენტს.

განხორციელებული ცვლილებებით საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერმინისტრი, მაშინ, როცა ადრე მოქმედი მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია.

აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.

პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც, გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ ნახევარზე მეტი საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.