შოტლანდიაში, ორკნის არქიპელაგის კუნძულ სანდეისთან წყალმა 77 „პილოტი“ ვეშაპი გამორიყა.
ბრიტანელი მყვინთავების სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 65 მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო 12 მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„სამწუხაროდ, დარჩენილი 12 ვეშაპის ევთანაზია გახდა საჭირო, იმის გამო, რომ მათი მდგომარეობა სანაპიროზე მრავალსაათიანი ყოფნის შედეგად გაუარესდა“, – განაცხადა სამაშველო სამსახურმა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ბრიტანეთში ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვის ყველაზე მასიური შემთხვევაა. ისინი ვარაუდობენ, ვეშაპები ქვიშაში ღრმად ჩაიძირნენ, ტალღამ მათ გადაუარა და თავის დაღწევა ვერ შეძლეს. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოკვლევის მიზნით ვეშაპების გვამების გაკვეთას აპირებენ.
ასეთი შემთხვევები იშვიათი არაა „პილოტ“ ვეშაპებში, რომლებიც მჭიდროდ შეკრულ ჯგუფებად გადაადგილდებიან, მაგრამ მეცნიერები ცდილობენ, ამ ფენომენის მიზეზი დაადგინონ.
2023 წელს შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე წყალმა დაახლოებით 55 „პილოტი“ ვეშაპი გამორიყა. ვეშაპების ხმელეთზე გამორიყვის შემთხვევები ასევე გავრცელებულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.