26 ივლისს სტარტს აიღებს პარიზის ოლიმპიური თამაშები, 26 რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლურია. დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა აჩუქეს ქართველ გულშემატკივარს, გააგრძელებთ თქვენ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, დიდი სიყვარულით მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს. დღეს აქ, შეხვედრაზე არიან ჩვენი ვეტერანი სპორტსმენები. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გითხრათ თქვენ იმისთვის, რაც გაგიკეთებით ქართული სპორტისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს, დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ უფრო მეტი სიხარული მოუტანოთ ქართველ ხალხს, ქართველ გულშემატკივარს. ქვეყანამ ბოლო დროს დიდ წარმატებას მიაღწია სპორტში და ეს შემთხვევითი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სპორტის მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგა და სპორტის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
„და ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენებს შეუძლიათ, მხოლოდ სპორტზე იფიქრონ. მე მახსოვს წლები, როდესაც იყო სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით. არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, იყო გაუსაძლისი მდგომარეობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში და სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე უწევდა ფიქრი. დღეს არის განსხვავებული მდგომარეობა და შედეგიც სახეზეა. 26-ში სტარტს აიღებს პარიზის ოლიმპიური თამაშები. 26 რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლურია, 26 მაისი არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, 26 ივნისს მოახერხა პორტუგალიის დამარცხება და გასვლა ჯგუფიდან, რასაც ბევრი ჩვენგანი არ ელოდა, და იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა აჩუქეს ქართულ ხალხს, ქართველ გულშემატკივარს, გააგრძელებთ თქვენ წარმატებებით ოლიმპიადაზე. მინდა, გამარჯვებები გისურვოთ, ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.