ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში განიხილავს

ჯო ბაიდენი არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია BET-თან საუბრისას განაცხადა.

წამყვანმა ჯო ბაიდენს ჰკითხა, რამ შეიძლება, უბიძგოს მას კანდიდატურის მოხსნისკენ, რაზეც ბაიდენმა განაცხადა:

„თუკი წარმოიშობა რაიმე სახის პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუკი ექიმები მოვლენ და მეტყვიან, რომ თქვენ ესა თუ ის პრობლემა გაქვთ. თუმცა, მე დავუშვი სერიოზული შეცდომა დებატებისას, როდესაც მე პირველად ვიყრიდი კენჭს. თქვენ შესაძლოა, გახსოვდეთ, ვთქვი, რომ ვიქნები გარდამავალი კანდიდატი. ვფიქრობდი, რომ შევძლებდი გვერდით გადგომას და კანდიდატობის გადაცემას სხვისთვის. თუმცა, არ ველოდი, რომ ყველაფერი ამდენად დაიყოფოდა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, „ერთადერთი, რაც ასაკს მოაქვს, სიბრძნეა“.

„ვფიქრობ, მე ვაჩვენე, რომ ვიცი, როგორ გავაკეთო რაღაც ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რას გვეუბნებობდნენ, რომ ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ მეტია და არ მინდა, ამისთვის თავის არიდება“, – განაცხადა ბაიდენმა.