2011 წლისთვის საქართველოში ციხეებში სასჯელს იხდიდა 24 ათასი ადამიანი

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე, ერთ-ერთი ძირითადი და ობიექტური კრიტერიუმი ეს არის ის თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო პატიმართა უფლებებს. როგორ და რა სტანდარტით იცავს სახელმწიფო პატიმართა უფლებებს“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2011 წლამდე საქართველოს, ნეგატიურ კონტექსტში, პირველი ადგილი ეკავა პატიმრების რაოდენობის, მათ მიმართ მოპყრობის და სიკვდილიანობის რაოდენობის კუთხით.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის შედარებაც, რომელიც იყო თუნდაც 2012 წლამდე და არის დღეს პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებით. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შევახსენო ჩვენს საზოგადოებას.

მაგალითად, 2011 წლისთვის საქართველოში ციხეებში სასჯელს იხდიდა 24 ათასი ადამიანი, რა პირობებშიც, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა, ნეგატიურ კონტექსტში ევროპის ქვეყნებში და მათ შორის რუსეთსაც კი უსწრებდა ნეგატიური ჭრილით, პატიმართა რაოდენობით.

ციხეში ყოველწლიურად იღუპებოდა 150 ადამიანი. მაგრამ სინამდვილეში ეს ციფრი იყო გაცილებით დიდი. იმიტომ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში გაჩნდა ასეთი ტერმინი: „სიკვდილის ექსპორტი“. როდესაც მომაკვდავი ადამიანები მათ სპეციალურად გაჰყავდათ ციხეებიდან სამოქალაქო საავადმყოფოებში. ვინაიდან იქ გარდაცვლილი ადამიანები უკვე რაოდენობრივად აღარ აღირიცხებოდა ამ სტატისტიკაში.

არაერთ საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში, ციხეებში ადამიანების წამებას, სიცოცხლის უფლების მოსპობას და სასტიკ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი, რაც წახალისებული და ორგანიზებული იყო სახელმწიფოს პირველი პირებისგან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.