ბათუმელი მოქალაქე ანი დიასამიძე, რომელიც დასაქმებულია თურქული მენეჯმენტის კომპანიაში, გართობის და დასვენების სექტორში (სასტუმრო-კაზინო), ემოციურ ვიდეომიმართვას აქვეყნებს თავის ფეისბუკ-გვერდზე და, მათ შორის, აღნიშნავს:
“სტატისტიკით, ბოლო წლებში ქონების 36%-ის გასხვისება აჭარაში მოხდა უცხოელებზე. ხვდებით, რამხელა ციფრია ეს?.. ყველაფერი არის თურქების! მე თურქებთან ვმუშაობ, მე თურქი მეგობრები მყავს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თურქებს ან მუსლიმებს ვერ ვიტან – ძალიან ცდება. მე სხვა რამეს ვამბობ: საქართველოში ჩემი მთავრობა თვეში 300 ლარად მამუშავებს ვირივით, დღეში 12 საათი, კვირაში ერთი დღე დასვენებით. ყველა ახალგაზრდა ასე წვალობს, სტუდენტი თუ სხვა. ხოლო თურქი, საქართველოში გაკეთებული ბიზნესით, 8 საათი მამუშავებს დღეში, კვირაში 2 დღე მასვენებს და თვეში მიხდის 1500 ლარს, თან ცდილობს, რომ მე ვისწავლო.
გეკითხებით, სად არის სამართალი – რატომ ვარ იძულებული, რომ ჩემსავე ქვეყანაში თურქების მადლიერი ვიყო?! ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ, რომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის; მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ჩვენი მთავრობის სირცხვილი! ქართველი იძულებულია, სხვასთან იმუშაოს, რადგან საკუთარი ქვეყანა არ აფასებს მას. რანაირად უნდა იცხოვროს ადამიანმა 300 ლარით?!
ბათუმთან საზღვარი ახლოსაა და ეს დიდი საფრთხის შემცველია. მე არ მძულს ერი, მე არ მაქვს გართულება იმის გამო, რომ ისტორიაში პრობლემები გვქონდა თურქებთან”.
თუკი მოუსმენთ ამ გოგონას ემოციურ მიმართვას, დაინახავთ თანამედროვე საქართველოს მთელ შიდა წინააღმდეგობებს და შეუსაბამობებს, ამ ერთ გოგონას ცხოვრებაში ჩაქსოვილს – მას უნდა, თავისი ქვეყნით, სამშობლოთი იამაყოს, მას სურს, რომ საქართველო ქრისტიანული იყოს, და მას არც სიამაყის საფუძველი აქვს და არც თანამემამულეების ნაწილი ეთანხმება თითქოს-და მარტივ საკითხში. ყველაფრის თავი კი, ალბათ, სულიერ პრობლემებთან ერთად, სოციალური სიდუხჭირეა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ჩავარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს არ არის ჩვენი ნოსტალგია, ეს არის ელემენტარული ფაქტი.
საინტერესოა, რომ ანი დიასამიძის მიერ შექმნილი ფეისბუკ-გვერდების “დარეპორტებას” და გაუქმებას ითხოვს თამარ კინწურაშვილი – სოროსისტი გრანტიჭამია, რომელიც პარაზიტობს ინტერნეტში “პრორუსული” რესურსების “გამოვლენით”.
“ნიუსფრონტი”