ბაიდენის საპრეზიდენტო ამბიციებზე უარის თქმის შემდეგ, დემოკრატებმა უეცრად დიდი ფულადი შემოწირულობები მიიღეს

ჯო ბაიდენის ჩამოცილებამ საპრეზიდენტო არჩევნებიდან “დემოკრატიული პარტიის” სასარგებლო შემოწირულობების უეცარი ზრდა გამოიწვია. ამერიკული მასმედიის ცნობით, პლატფორმა ActBlue-მ 50 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა გუშინდელ კვირა დღეს.

“ეს იყო ყველაზე დიდი დღე დემოკრატებისთვის, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ონლაინ-შემოწირულობების თვალსაზრისით” – წერს აშშ-ის წამყვანი გაზეთი “ნიუ-იორკ ტაიმსი”.

ActBlue გახლავთ წამყვანი ონლაინ-პლატფორმა დემოკრატიული პარტიის შემოწირულობებისთვის.

როგორც ცნობილია, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობაზე უარის თქმასთან ერთად, მხარი დაუჭირა თავის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, მომავალი პრეზიდენტის თანამდებობაზე. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება “დემოკრატიული პარტიის” დელეგატებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ყველა შტატიდან იქნებიან წარმოდგენილნი.

ტრამპთან ბაიდენის სატელევიზიო დუელის ბაიდენისთვის კატასტროფული დასრულების შემდეგ, შემომწირველებმა “დემოკრატებს” დაფინანსება შეუწყვიტეს. მაგრამ კვირას მოხდა უეცარი ცვლილება და მარტო მცირე შემომწირველების მხრიდან, 27 მილიონი დოლარი იქნა გადმორიცხული.

აშშ-ში დისკუსიის თემაა, რა ბედი ელის მილიონობით დოლარის შემოწირულობებს, რომლებიც დემოკრატებმა უკვე შეაგროვეს და ვის აქვს წვდომა ამ თანხებზე. სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს წვდომა საარჩევნო აპარატზე და, შესაბამისად, ბაიდენისთვის გაკეთებულ შემოწირულობებზეც, რადგან იგი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი, უკვე წარმოადგენდა ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ნაწილს.

აშშ ტიპიური პლუტოკრატია და ოლიგოკრატიაა. ამიტომ, ფულადი შემოწირულობების ოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი, როგორც წესი, ხდება ის, ვინც მეტი ფულადი შემოწირულობა მიიღო.