საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საპარლამენტო ოპოიზიციიციის ნაწილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. IPN-ის ცნობით, სარჩელზე ხელმომწერი 32 ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება.

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როგორ დამთავრდება ეს პროცესი, დავინახავთ. იქნება კვლავ მორჩილი ხელისუფლების მიმართ სასამართლო, დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი, დაინახავენ საერთაშორისო პარტნიორები. არ იწყება და მთავრდება დღევანდელი დღით ცხოვრება. ამ კანონს მაინც გავაუქმებთ” – თქვა ევროოპტიმისტების წევრმა რომან გოცირიძემ.

სარჩელს ხელს არ მოაწერენ გირჩის წევრები. იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ოპტიმიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, გასაკვირია.

“არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. როდესაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ვენდოთ ამ სასამართლოს, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს” – თქვა ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში 18 ივლისს მიიღო.

17 ივლისს, რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 121-მა NGO-მ და მედიაორგანიზაციამ.